სიახლეები

სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა

2017 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ლ.მ.-ს მიმართ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

ლ.მ. შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2014 წლიდან მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ხშირად კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა საჯაროდ.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ განმცხადებელთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 თანამშრომელთაგან, ვისთანაც ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები დაიდო, მხოლოდ განმცხადებელი გათავისუფლდა, თავისთავად წარმოშობს არათანასწორი მოპყრობის ეჭვს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, რომ განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მის აქტიურ საქმიანობას პროფესიულ კავშირში და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას იმ პრობლემებზე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დღემდე აქვს ადგილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართა, აღმოფხვრას ლ.მ.-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით, ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)