სიახლეები

სახალხო დამცველი თანასწორობის სტრუქტურების ევროპული გაერთიანების წევრი გახდა დამკვირვებლის სტატუსით

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიოშვილმა 2014 წლის 4 დეკემბერს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ თანასწორობის სტრუქტურების ევროპული გაერთიანების (EQUINET) წლიურ გენერალურ შეხვედრაში.

შეხვედრაზე ისაუბრეს გაერთიანების სტრატეგიულ გეგმაზე, უახლეს ევროპულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და მისი იმპლემენტაციის გზებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მნიშვნელოვან საქმეებზე მოსაზრებების წარდგენაზე სასამართლოს მეგობრის სახით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაერთიანების სრულუფლებიან წევრობის პერსპექტივებს.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელების ორგანოდ საქართველოს სახალხო დამცველი განისაზღვრა, ამ ფუნქციის შესასრულებლად სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც ფაქტიურად შექმნისთანავე გახდა თანასწორობის სტრუქტურების ევროპულ გაერთიანების წევრი დამკვირვებლის სტატუსით.

ქსელის შექმნით გაერთიანება ხელს შეუწყობს ევროპის 31 ქვეყნის 41 სტრუქტურას დისკრიმინაციის აღმოფხვრის განხორციელებაში. მისი მიზანია სტრატეგიული უნარის და ადამიანური რესურსების პროფესიული გაძლიერება, თანასწორობის სხვადასხვა ორგანოების წარმატებული პრაქტიკის გამოკვეთა, შესწავლა და გაზიარება, ევროპის დონეზე თანასწორი მოპყრობის კანონმდებლობის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

გაერთიანების გამოცდილება სახალხო დამცველს თანასწორობის უზრუნველყოფის ეფექტურ განხორცილებაში დაეხმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)