სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო ჰიპერაქტიური ქცევის გამო საბავშვო ბაღიდან ბავშვის გარიცხვა დისკრიმინაციულად მიიჩნია

2018 წლის 16 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა საბავშვო ბაღ „Wonderland Preschool–ს“ მიმართა რეკომენდაციით ქცევის ნიშნით აღქმითი პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლის 2 წლის შვილი საბავშვო ბაღიდან გარიცხეს, ვინაიდან ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ბავშვი არის ჰიპერაქტიური და სხვა აღსაზრდელებთან ერთად ჯგუფში მუშაობა არ შეუძლია. მოპასუხემ განმარტა, რომ მათ არაერთხელ შესთავაზეს მშობელს თანამშრომლობა, რათა ბავშვს სხვა აღსაზრდელებთან ურთიერთობის უნარი გამოემუშავებინა, თუმცა, მშობლებმა რეკომენდაციების შესაბამისად არ იმოქმედეს. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ აღსაზრდელების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ვინაიდან განმცხადებლის შვილის ქცევა მათი შვილებისთვის უსაფრთხო არ იყო.

საქმის გამოკვლევის შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ არ გაატარა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც განმცხადებლის შვილის სხვა აღსაზრდელებთან ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. ამასთან, რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ბაღის ადმინისტრაციის მიერ ბავშვის ბაღიდან გარიცხვა ეფუძნებოდა სამომავლო შიშს, რომ სხვა აღსაზრდელების მშობლები შვილებს ბაღს დაატოვებინებდნენ, რაც მოპასუხისთვის ფინანსურად ხელსაყრელი არ იქნებოდა. ამასთან, კონკრეტული მშობლების ვინაობის თუ განმცხადებლის შვილის ქცევის ამსახველი შესაბამისი მასალის წარმოდგენის გარეშე, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ბავშვს ნამდვილად ახასიათებდა ჰიპერაქტიურობა. 2 წლის ბავშვის ბაღიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება კი რთულად შეიძლება გამართლდეს რაიმე ლეგიტიმური საფუძველით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საბავშვო ბაღის დირექტორს, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, ასევე მომავალში თავი შეიკავოს აღსაზრდელის კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულების შეწყვეტისაგან ქცევის ან სხვა პირადი მახასიათებლის გამო; ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, აღსაზრდელის კანონიერ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულებით ანდა ბაღის შიდა რეგულაციით დეტალურად გაწეროს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება