ანგარიშები

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ

2016 წლის 25 ოქტომბერს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში მოიცავს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს. ანგარიშის თანახმად, მოცემულ პერიოდში სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 113, მათ შორის, 7 საკუთარი ინიციატივით დაწყებული საქმე განიხილა. წინა საანგარიშო პერიოდში კი სულ 107 განცხადება იყო განხილული, საიდანაც 4 საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ინიციატივით იყო დაწყებული. საანგარიშო პერიოდში გამოიცა 12 რეკომენდაცია და 2 ზოგადი წინადადება, გასულ წელს კი 1 რეკომენდაცია და 2 ზოგადი წინადადება იქნა შემუშავებული. ამასთან, წარდგენილი იქნა 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, წინა პერიოდში კი სახალხო დამცველმა სასამართლოებში 2 მოსაზრება წარადგინა. ამასთან, საქმის წარმოება შეწყდა 41 საქმეზე, წინა საანგარიშო პერიოდში კი ასეთი 8 საქმე იყო. ამასთან, მოცემულ პერიოდში 19, წინა საანგარიშო პერიოდში კი 21 საქმე იქნა დაუშვებლად ცნობილი.

ანგარიშში განხილულია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თანასწორობის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემები, სახალხო დამცველის მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის გამოყენება, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციების და ზოგადი წინადადებების, ასევე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მიმოხილვა, სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ტენდენცია, საერთო სასამართლოების, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის აქტუალობის საკითხი, ასევე სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობები.

განცხადებების ყველა მეტი - 18% პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, რაც წინა პერიოდს 3%-ით აღემატება, რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა 17% დავობს, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია, ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს განცხადებების 14% ეხება, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია, სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციი ფაქტები კი წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს. ამასთან, 3-3%-ით შემცირდა მომართვიანობა სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ და 8 და 7%-ს წარმოადგენს შესაბამისად. განცხადებების დანარჩენი ნაწილი ასევე შეეხება ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება