სპეციალური ანგარიშები

ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში

წინამდებარე ანგარიში ასახავს 2015 წლის 9 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტთან ერთად მონიტორინგი განახორციელა 12 სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

მონიტორინგის ჯგუფი დაკომპლექტებული იყო მულტიდისციპლინური პრინციპით და შედგებოდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან. მონიტორინგის მოსამზადებელ ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფმა სპეციალურად მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტის ზედამხედველობით შეიმუშავა მონიტორინგის მეთოდოლოგია.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასაკმარისი დაფინანსება საბოლოო ჯამში იწვევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვალიფიციური პერსონალის სიმცირეს, სათანადო, თერაპიული გარემოს არარსებობას, მკურნალობის, მოვლის, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის დაბალ ხარისხს, ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას და თემზე დაფუძნებული სერვისების ხელმიუწვდომლობას.

საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა ადამიანური რესურსების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის. ასევე პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის პროფესიული სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე სათანადო სამუშაო პირობების და ადეკვატური სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტების მიმდინარეობისას მონიტორინგის ჯგუფმა არაერთი შეტყობინება მიიღო პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ამასთან, არასათანადო მოპყრობად შეიძლება შეფასდეს პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდების და ინექციის სხვა პაციენტთა თანდასწრებით გამოყენება, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. მონიტორინგის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებობს პაციენტთა შორის ძალადობის და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვის პრობლემა.

ზოგიერთ დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არა მხოლოდ ხელს არ უწყობს ხელსაყრელი თერაპიული გარემოს შექმნას, არამედ ქმნის ისეთ ვითარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. უმძიმესი პირობებია სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირი).

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ფორმალურად ნებაყოფლობით, ხოლო რეალურად არანებაყოფლობით სტაციონირებული პირების მოწყვლად სამართლებრივ მდგომარეობაზე. სასამართლო კონტროლს მიღმა მყოფი ბენეფიციარები ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას და მათი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო ინტერვენციებს და ფიზიკურ შეზღუდვას ექვემდებარებიან. ამგვარად ირღვევა ამ პაციენტების პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება.

ანგარიშში მიმოხილულია ფსიქიატრიულ დახმარებასთან და სომატური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მკურნალობის სტანდარტების შემოწმებისას სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ უმეტეს დაწესებულებაში, როგორც მენეჯერების, ასევე პერსონალის მიერ, მკურნალობა გაგებულია და დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე, რაც თანამედროვე ბიოფსიქოსოციალური მიდგომის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის პრიციპებს არ შეესაბამება. მწვავედ დგას ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემა. არაერთი პაციენტი თვეების და წლების მანძილზე, ფაქტიურად, „გაუსვლელად“ იმყოფება სტაციონარში, ხშირად არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ ვერ ტოვებს საავადმყოფოს იმის გამო, რომ „წასასვლელი არ აქვს“ ან იმიტომ, რომ ოჯახი თავს არიდებს მის სახლში წაყვანას.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სომატური დაავადებების მკურნალობის კუთხით მწვავე პრობლემებია. როგორც გარდაცვლილ პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, არაერთ შემთხვევაში არსებობდა სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო გამოკვლევისა და მკურნალობის საჭიროება, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება ასეთი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების გაზრდა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ასევე ფსიქიატრიული დახმარების ხარისხისა და დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება წარმოადგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)