ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N9

პრევენციის ეროვნული მექანიზმის N9 ბიულეტენი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი აპარატის მიერ გაზაფხულის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებისა და კონტროლის სისტემის დახვეწაზე დაიწყო მუშაობა. სამუშაო მეთოდოლოგიის დახვეწისა და თანამშრომელთა სწავლების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის გაიმართა ტრენინგი, რომელსაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა გნატოვსკი უძღვებოდა.

ამავე პერიოდში, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში“ - ფარგლებში ჩაატარეს პატიმრების სოციოლოგიური გამოკითხვა N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა განახორციელეს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონიტორინგი; აგრეთვე, მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.

ბიულეტენში გაეცნობით შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის“ მიმოხილვას. მიიღებთ ინფორმაციას 2016 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაზიარებული და ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციების შესახებ. საკანონმდებლო სიახლეების თავში გაეცნობით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ. საერთაშორისო სტანდარტის თავში წარმოდგენილია არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ძირითადი გარანტიების მიმოხილვა.

ნომრის ფოკუსს წარმოადგენს მდგომარეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში. საერთაშორისო სიახლეებში გაეცნობით ინფორმაციას წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტანდარტების შესახებ, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სრულწლოვანი პაციენტების მიმართ შეზღუდვის საშუალებების გამოყენებას შეეხება.

ბიულეტენის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის ეკა ხუციშვილის მოსაზრებებს: „პოლიციაში არსებული ხარვეზები ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება