ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N7

პრევენციის ეროვნული მექანიზმის N7 ბიულეტენი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენს მიერ შემოდგომის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ. პირველ რიგში აღსანიშნავია საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოხსენება გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 30-ე სესიაზე, სადაც მიმოხილული იყო პრევენციის ეროვნული მექანიზმის შვიდწლიანი საქმიანობა, მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები. ამავე პერიოდში, ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და პოლიციის სამმართველოების მონიტორინგი. განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში. ასევე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგში.

ბიულეტენში გაეცნობით N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, N3 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს, ინფორმაციას კანონმდებლობაში შესული ცვლილების შესახებ; კერძოდ, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების განხორციელების წესისა და შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტიცების შესახებ.

ნომერი აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას და გთავაზობთ ქვეთავს სახელწოდებით, „რეჟიმი და დისციპლინური პასუხისმგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში“. წინამდებარე ნომრის ფოკუსს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.

აღნიშნული პერიოდი გამოირჩეოდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების სწავლების კუთხით. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი „პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მონიტორინგთან დაკავშირებით“. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინის დეპარტამენტის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ზაგრებში, სადაც გაეცნენ ხორვატიის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის სტრუქტურას, ანგარიშების მომზადების თავისებურებებს, ფოტო გადაღებასთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკას, მონიტორინგის ინსტრუმენტებსა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგიას; დაესწრნენ ტრენინგს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვის შესახებ.

ბიულეტენის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის ანა არგანაშვილის მოსაზრებებს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება