ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N10

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მე-10 ბიულეტენში წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჩვენს მიერ ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში გავაცანით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს; რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებისა და კონტროლის სისტემის დახვეწაზე მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენელი ბენ ბაკლენდი უძღვებოდა.

ამავე პერიოდში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში“ მონიტორინგი ჩაატარეს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში. შეამოწმეს ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორები და პოლიციის სამმართველოები; გაესაუბრნენ N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებს და ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი გასწიეს.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ბიულეტენში გაეცნობით N7 პენიტენციური დაწესებულების მიმოხილვას, მიიღებთ ინფორმაციას N3 პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 წლის ვიზიტის დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. ვისაუბრებთ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე, ამ დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით პატიმრობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. თანამშრომელთა სწავლების ნაწილში მოცემულია ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების ვიზიტის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში.

ნომრის ფოკუსს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში განხორციელებული მონიტორინგი და იქ არსებული გამოწვევები. საერთაშორისო სიახლეებში გაეცნობით 26 ივნისს წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაეროს ექსპერტების მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბიულეტენის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სფეროში წამების პრევენციის ასოციაციის მრჩევლის ბენ ბაკლენდის მოსაზრებებს „დიალოგი: საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურობის გასაღები“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება