სიახლეები

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით სამინისტროს წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას, დარეგულირდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საკითხი. თუმცა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ბრძანების პროექტის რიგი დებულებები საჭიროებს სრულყოფას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

კერძოდ, აუცილებელია წარმოდგენილი ბრძანების პროექტში იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც დაუშვებელია განხორციელდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი, დაემატოს საკანში არსებული და საერთო სარგებლობის საპირფარეშოები.

პროექტის მიხედვით, მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს დაწესებულების დირექტორი. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრძანებაში მიეთითოს იმ ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობა, რომლებმაც განაპირობა აღნიშნული ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაბარდეს ვიდეო–აუდიო ჩაწერის განხორციელების თაობაზე გაფრთხილების ოქმის ასლი.

სახალხო დამცველისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიცვალოს პროექტის ის დებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის დებულებებთან. კერძოდ, დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია პატიმრობის კოდექსის 54–ე მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული პირების, მათ შორის, სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული დებულება უნდა შეიცვალოს, როგორც მოცემული ბრძანების პროექტში, ასევე პატიმრობის შესახებ კოდექსში, ვინაიდან ჩანაწერი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონს.

წარმოდგენილი ბრძანების პროექტი არ ითვალისწინებს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის თაობაზე გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის აუცილებლობას, რაც წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) ერთ-ერთი რეკომენდაციაა წევრი სახელმწიფოების მიმართ.

ბრძანების პროექტის მიხედვით, მეთვალყურეობისა და კონტროლის შედეგად გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 24 საათისა. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, მასალის შენახვის ვადა მინიმუმ 10 დღემდე უნდა გაიზარდოს. სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრების გამოცდილება აჩვენებს, რომ მასალის შენახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, გამოსწორდეს ბრძანების პროექტის ხარვეზები მისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)