სიახლეები

სახალხო დამცველი ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

22 ნოემბერს დილით, გამთენიისას, სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა. სახალხო დამცველის რწმუნებული ადგილზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა არაერთ პატიმარს. მოპოვებული ინფორმაციით, პატიმრების მხრიდან პროტესტი უკავშირდება #3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ამასთან, ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს 16 პატიმარი, რამდენიმე პატიმარს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, სამი პატიმარი ეტაპირებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. ეტაპირებულ ორ მსჯავრდებულს გ.ვ-ს და ბ.ო-ს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებული პირობების გამო მიღებული აქვთ მრავლობითი თვითდაზიანება, ხოლო მსჯავრდებული გ.კ მის მიმართ რამდენიმე თვის წინ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამ დროისთვის მსჯავრდებულებს ადგილზე უტარდებათ საჭირო სამედიცინო პროცედურები.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არსებობს ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა, არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და არ გამართულა არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)