სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა განახლებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2016 წლის 4 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრა გამართა განახლებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან და სპეციალური პრევენციული ჯგუფის დებულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, პროფესიული ეთიკის საკითხები, სამუშაო მეთოდოლოგია და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილია სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

ვინაიდან სახალხო დამცველისათვის მინიჭებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობის ეფექტურ ორგანიზებას და ჯგუფის წევრთა მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, შეხვედრის მიზანს სწორედ შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების კუთხით კონკრეტული ამოცანების დასახვა წარმოადგენდა.

შეხვედრამ საქმიანი, კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში ჩაიარა და შედეგად მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დასახეს.

5.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)