სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს ციხის გადატვირთულობასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში არსებული გამოცდილება გაუზიარა

2017 წლის 7-8 აგვისტოს, ჟენევაში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეგორმის“ ორგანიზებით გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს კომიტეტის მიერ ციხეების გადატვირთულობის საკითხის შეფასების მეთოდოლოგიაზე მსჯელობა წარმოადგენდა. შეხვედრაში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მომხსენებლად მოწვეული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა კვარაცხელია, რომელმაც ისაუბრა ციხის გადატვირთულობის საკითხზე, რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადატვირთულობა გამოიწვია მკაცრმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხარვეზებმა.

ნიკა კვარაცხელიამ კომიტეტს შეახსენა, რომ 2012 წლის იანვრისთვის საქართველოში პატიმართა რაოდენობა 24 000-ს შეადგენდა, რაც 2012 წლის დეკემბერში გამოცხადებული ამნისტიის შედეგად რადიკალურად შემცირდა. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამავე პერიოდში დაიწყო სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვა, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოახდინოს პატიმართა რაოდენობის შემდგომი შემცირება.

ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებებში დაახლოებით 9500 პატიმარი იმყოფება. სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმართა რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით საქართველოში კვლავაც მაღალი რჩება და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების აქტიური გამოყენება.

მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ციხის გადატვირთულობის საკითხის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებას, თუ რამდენად აქვს პენიტენციურ სისტემას შესაძლებლობა მიაწოდოს თითოეულ პატიმარს შესაბამისი სერვისები, ვინაიდან რესოციალიზაცია წარმოადგენს სასჯელის აღსრულების ქვაკუთხედს.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს შორის საინტერესო მსჯელობა გაიმართა. ხაზი გაესვა ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ აუცილებელია გადატვირთულობის უფრო მოქნილი განსაზღვრებისა და მისი შეფასების სათანადო მეთოდოლოგიის შემუშავება. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის თავმჯდომარემ, იენს მოდვიგმა მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო მოსაზრებების წარმოდგენისთვის და განაცხადა, რომ კომიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას გადატვირთულობის შეფასების საკითხზე და ითანამშრომლებს საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუციებთან, პრევენციის ეროვნულ მექანიზმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება