სიახლეები

საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოხსენება გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 30-ე სესიაზე

2016 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ, საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სახელით, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 30-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიება გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის ძალაში შესვლის 10 წლისთავს ეძღვნებოდა და მასზე ორგანიზაციის მიღწევები და არსებული გამოწვევები შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, მსოფლიოს 65 პრევენციის ეროვნული მექანიზმიდან, მხოლოდ 3 ქვეყნის – საქართველოს, ნორვეგიის და ყირგიზეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.

საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოხსენებაში ხაზგასმული იყო 7 წლის განმავლობაში მექანიზმის მიერ შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები. მოხსენება შეიცავდა მკაფიო გზავნილს, წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით, პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე. დადებითად იყო შეფასებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭება, თუმცა იქვე იყო აღნიშნული, რომ მიუხედავად შესაბამისი რეკომენდაციისა, საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს კვლავაც არ აქვს დაუბრკოლებელი წვდომა დახურულ დაწესებულებებში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე. მოხსენებაში განსაკუთრებული მადლიერება იყო გამოთქმული გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის მიმართ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის შემდგომ გაძლიერებას.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და წევრები, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, გაეროს ყოფილი და მოქმედი სპეციალური მომხსენებლები წამების საკითხებში, წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენელი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი და წამების მსხვერპლთა დახმარების ნებაყოფლობითი ფონდის წარმომადგენელი.

30-ე სესიაზე გამომსვლელებმა პრევენციის ეროვნული მექანიზმების მიერ წამების პრევენციის საქმეში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ამ მექანიზმების მხარდაჭერის მნიშვნელობას. აშკარა საერთაშორისო აღიარებისა და მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან.

იხილეთ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 30-ე სესიის სრული ვიდეო

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)