სიახლეები

წინადადება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართა წინადადებით სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებისთვის.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტიის, ონის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შეამოწმა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რიგ ტერიტორიულ ერთეულებსა და სოფლებში არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც არასრულწლოვნებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ისე მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურებისა და დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის და ამ მიზნით გაატაროს ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, სახელმწიფოს მიერ დღემდე არ არის სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაცვის უფლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრინციპი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)