სიახლეები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ბავშვის უფლებების მონიტორინგის საკითხებზე

2016 წლის 7-8 აგვისტოს, ბორჯომში, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, აგრეთვე, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბავშვის უფლებათა მონიტორინგის საკითხებში.

ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის 2014–2017 წლების სტრატეგიის ფარგლებში. მისი მიზანი იყო სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლებისათვის ბავშვის უფლებების შესახებ საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გაცნობა, ამ სფეროში ფუნქციონირებადი ბავშვთა სახელმწიფო ინსტიტუციების მონიტორინგის მეთოდოლოგიისა და ძირითადი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ტრენინგის განმავლობაში განიხილეს ბავშვთა განთავსების ღია და დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, არასრულწლოვანთა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს, სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობას.

ტრენინგის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის თანამშრომლებმა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტებმა, მონაწილეებს გააცნეს არასრულწლოვანთა უფლებების მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო ინსტრუმენტები, ბავშვის უფლებების ცენტრის გამოცდილება და ძირითადი მიღწევები არასრულწლოვანთა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და პროგრამების მონიტორინგის სფეროში.

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა პიერ ფერიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის მიმართულების ოფიცერმა ჯაბა ნაჭყებიამ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ ქორიძემ და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა. მოწვეული ტრენერები იყვნენ: ანნა ზაგაშვილი და ნათია ზაბახიძე („საქართველოს ბავშვები“) და ნათია ხაინდრავა (გაეროს ქალთა ორგანიზაცია).

7.08.16-8.08.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება