სიახლეები

სახალხო დამცველის ოფისს ამიერიდან ბავშვთა უფლებების მონიტორინგის სტანდარტები ექნება

სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრი ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგისას ამიერიდან სპეციალურად შემუშავებული სტანდარტებით იხელმძღვანელებს, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული სტანდარტები გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით მომზადდა პროექტ „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც ბავშვის უფლებათა ცენტრსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მორიგი ეტაპია.

გაძლიერდა ცენტრის შესაძლებლობები არასრულწლოვანთა დაწესებულებების მონიტორინგის თვალსაზრისით. წლის განმავლობაში ცენტრის თანამშრომლებმა გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი ჩაატარეს თბილისის #8, ქუთაისის#2 და არასრუწლოვანთა #11 სპეციალურ დაწესებულებებში. ამჟამად შემუშავების პროცესშია რეკომენდაციები, რომელიც გაეგზავნება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის და აისახება სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში. მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული შემდეგ საკითხებზე: არასრულწლოვანთა საყოფაცხოვრებო პირობები, სუფთა ჰაერის უფლებით სარგებლობა, დისციპლინური პასუხისმგებლობა, კონტაქტი გარე სამყაროსთან, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, განათლება, დაწესებულების პერსონალი, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა, საჩივრები და განცხადებები, პირადი ჰიგიენა, ჯანდაცვა და კვება.

გაიმართა შეხვედრები მაღალმთიან რაონებში (მაღალმთიანი აჭარა, ახმეტის რაიონი და პანკისის ხეობა და ყაზბეგის რაიონი) ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო, აღნიშნულ რეგიონებში ბავშვთა უფლებების სფეროში არსებული პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებისათვის ბავშვის უფლებების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს რეგიონებში ბავშვის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სწრაფი რეაგირება.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგელები წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატური ოქმის - „კომუნიკაციის პროცედურების“ რატიფიკაციის მხარდასაჭერად. კომუნიკაციის ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, გასაჩივრების პროცედურა, შესაძლებლობას აძლევს ინდივიდებს, ინდივიდთა ჯგუფებსა და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ უფლებებს შელახულად მიიჩნევენ, მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს ამ უფლებების აღსადგენად.

გაეროს ბავშვთა ფონდი სახალხო დამცველის ოფისის ბავშვის უფლებათა ცენტრთან დაარსების დღიდან, 2001 წლიდან, მჭიდროდ თანამშრომლობს. 2010 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვის უფლებათა ცენტრის სამწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)