სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება თბილისის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გატარდეს ჯეროვანი ღონისძიებები თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სააღმზრდელო პერსონალის რაოდენობის გაზრდის მიზნით.

2017 წლის 26-27 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები[1] შეამოწმეს და დაადგინეს, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვთა გადატვირთული რაოდენობა, სააღმზრდელო პერსონალის (აღმზრდელ–პედაგოგების) სიმცირე, ჯგუფებში საძინებლების არასაკმარისი რაოდენობა და სხვა.

რიგ სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს შესაბამის სტანდარტს და შეიძლება 60–65 აღწევდეს, ბაგის ასაკის ჯგუფებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა. ამ პრობლემის გამო, გარკვეულ შემთხვევებში მშობლებს ადრე გაჰყავთ ბავშვები ბაღიდან ან აცხადებენ თანხმობას, რამდენიმე ბავშვმა ერთ საწოლში დაიძინოს.

საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სისტემური მიდგომა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით. აღმზრდელებისა და დირექტორების უმრავლესობის განცხადებით, პრობლემის მოგვარების ერთ–ერთ გზად ჯგუფებში ბავშვების გამოუცხადებლობა შეიძლება იქნას განხილული.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა ბავშვის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და აღნიშნული უფლების ხარისხიანი განხორციელება უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვნის ფიზიკური უსაფრთხოების, ფსიქო–ემოციური მდგომარეობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციით მოითხოვა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დროული ამოქმედება. კანონი ძალაში ნაწილობრივ შევიდა და იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვების ზღვრულ რაოდენობას (25–დან 30 ბავშვამდე) განსაზღვრავს, 2020 წლამდე გადაიდო.



[1] ააიპ თბილისის N206 საბავშვო ბაგა–ბაღი, ააიპ თბილისის N128 საბავშვო ბაგა–ბაღი, ააიპ თბილისის N56 საბავშვო ბაგა–ბაღი, ააიპ თბილისის N24 საბავშვო ბაგა–ბაღი, ააიპ თბილისის N72 საბავშვო ბაგა–ბაღი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება