სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატს ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სსიპ ილია ჭავჭავაძის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მოსწავლეებთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ბავშვის უფლებებზე, ძალადობაზე, ბულინგზე, ასევე ქალთა უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და თანასწორობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

როგორც ცნობილი გახდა, ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა კლუბი სახელწოდებით „ეს ჩემი უფლებაა“, სადაც მოსწავლეები ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სფეროში ცნობიერების იმაღლებენ, ეცნობიან საერთაშორისო დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს, სახელმწიფოების ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა საინტერესოდ და შემეცნებითად წარიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და პრიორიტეტია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. საგანმანათლებლო საქმიანობის თვალსაზრისით სახალხო დამცველის აპარატი კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ინტენსიურად მართავს ტრენინგებს, სემინარებს, საინფორმაციო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან.

20.04.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება