სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების აღმზრდელთათვის

2016 წლის 22–26 აგვისტოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ „ბავშვის უფლებების“ თემაზე ტრენინგი ჩაუტარა მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების 19 აღმზრდელს.

სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დოკუმენტებს, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვის მიმართ ძალადობა, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები, არსებული სერვისები და შესაბამისი უწყებების როლი, ბავშვთა უფლებებზე ინფორმირებულობის მნიშვნელობა, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა, ხედვა და როლი.

ტრენინგის მიმდინარეობისას განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ტრენინგი გახსნა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერთიფიკატები საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გადასცა.

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტი გულჩეხრა ნიგმაჯანოვა (ბავშვის აღზრდის და ადვოკატირების განვითარების პროგრამის მრჩეველი, უზბეკეთის SOS ბავშვთა სოფელი) და ადგილობრივი ტრენერი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი ანდრო დადიანი. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართულებები მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა და ამავე ცენტრის თანამშრომლებმა მარიამ ბოჭორიშვილმა, თამთა ბაბუნაშვილმა და თამარ ჩხოლარიამ გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი და მუსლიმური კონფესიების ბავშვთა სახლების აღმზრდელთათვის ჩატარებულ ერთობლივ ტრენინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა უფლებებისა და ზრუნვის სტანდარტების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების საქმეში, ასევე, ბავშვზე ზრუნვის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაში.

ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ 4 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისაკენ არის მიმართული.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი მართლმადიდებელი ეკლესიისა და  მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების აღმზრდელთათვის22-26.08.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება