სიახლეები

სახალხო დამცველი ძიბახევის დაწყებითი სკოლის სამართლებრივი და ფინანსური რესურსებით დახმარებას ითხოვს

2014 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში დაწყებითი სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური რესურსებით დახმარების მოთხოვნის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მოქმედი დაწყებითი კლასები ავარიულ, ფიცრულ შენობაში მდებარეობს. ნაგებობას აქვს ნაპრალები, ოთახებს ვერც ღუმელი ათბობს და ზამთარში დაწყებითი კლასების 9 მოსწავლე არც დადის სკოლაში. უახლოესი საჯარო სკოლა 2 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბირკიანში მდებარეობს, მაგრამ მოუგვარებელი სატრანსპორტო პრობლემების გამო, მშობლებს იქ შვილების გაშვება არ სურთ.

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო სექტორის ბიუჯეტის გაზრდას. შესაბამისად, უნდა მოხდეს სამართლებრივი და ფინანსური რესურსების გამონახვა, რათა, მოცემულ შემთხვევაში სოფელ ძიბახევში დაწყებითი კლასების სასწავლო პროცესის ფუნქციონირებისათვის გამოიყოს უსაფრთხო და ადეკვატური შენობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება