სიახლეები

სახალხო დამცველი აძლიერებს მონიტორინგს ბავშვთა უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით

2014 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით წარმოადგინა ბავშვის უფლებების ცენტრის 2014–2017 წლების სტრატეგია, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად და ემსახურება ცენტრის გაძლიერებას.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბავშვის უფლებათა მონიტორინგის და კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერება; ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაძლიერება; ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრა; ბავშვის ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება; ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება ყველა ბავშვისათვის.

ანტიდისკრიმინაციული კანონის თანხმად, საქართველოს სახალხო დამცველმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს იმ საკითხებს, რომლებიც ეხება დისკრიმინაციის აღმოფხვრას და თანასწორობის უზრუნველყოფას. სახალხო დამცველი იზიარებს ეროვნული სამოქმედო გეგმის მთავარ პრიორიტეტებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით და აძლიერებს ბავშვთა სახელმწიფო ინსტიტუციების რეგულარულ მონიტორინგს.

„ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის საქმიანობა ორიენტირებული იქნება შემდეგ საკითხებზე: საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, საკანონმდებლო პროცესებში მონაწილეობის მიღება, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, არასრულწლოვანთა უფლებების ინდივიდუალური დარღვევების განზოგადებული ანალიზი, მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება და არასრულწლოვანთა მონაწილეობის უზრუნველყოფა მათი უფლებების სისტემური პრობლემების განხილვაში“ – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პრეზენტაციაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა, მათ შორის ბავშვის უფლებათა სფეროში რეფორმების გასატარებლად საქართველოს მხრიდან გატარებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა. „ამ მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება უდიდესი მიღწევაა, რომელსაც იუნისეფი მიესალმება. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს ბავშვებზე, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფზე, ვინაიდან ბავშვები ყველაზე დაუცველნი არიან საქართველოში და განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა ესაჭიროებათ. იმედი გვაქვს, ახალი სტრატეგია ქმედითი მექანიზმი იქნება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგისათვის“.

ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართვლოში ევა პასტრანამ დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში გაწეული სამუშაო და მათ შორის, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და ხაზი გაუსვა თომას ჰამარბერგის მიერ შემოთავაზებული პრიორიტეტების შესრულების აუცილებლობას.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან საკრებულოში ამოქმედდება ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამსახური, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესების უკეთ წარმართვისთვის საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ფინანსური და ადამიანური რესურსის გაზრდის, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.

ღონისძიება ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული აქტივობების ფარგლებში გაიმართა.

იხილეთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)