სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა

2017 წლის 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და საბჭოს მოწვეულმა წევრებმა ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები, სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ბავშვთა უფლებების მონიტორინგისა და პოპულარიზაციის, საინფორმაციო–საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით განხორციელებული აქტივობები, ბავშვთა უფლებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ინდივიდუალური საჩივრების განხილვის ძირითადი შედეგები გააცნო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა ბავშვის უფლებების ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, შესწავლილ ინდივიდუალურ საქმეებზე, ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა; ბავშვთა უფლებების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა.

საბჭოს წევრებმა პრიორიტეტული საკითხები და საბჭოს ფუნქციონირების სამომავლო ხედვა წარმოადგინეს.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–3 დამატებითი ოქმის ამოქმედებისა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის საჭიროების, ბავშვის უფლებების შესახებ ერთიანი კანონის მიღების აუცილებლობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ქუჩაში მცხოვრების და მომუშავე ბავშვებისა და არასრულწლოვანთა უფლებების სხვა პრობლემური საკითხები.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში დაარსდა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრები ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები არიან:

  1. ნატოშავლაყაძე–ძალადობისგანდაცვისეროვნულიქსელი
  2. ეკატერინესანებლიძე–ბავშვთაკეთილდღეობისლიგა
  3. ქეთიმარგალიტაძე–საზოგადოებრივიჯანდაცვისფონდი
  4. მარინეგეგელაშვილი– ილიასუნივერსიტეტისასოცირებულიპროფესორი
  5. ჯაბანაჭყებია–გაეროსბავშვთაფონდი
  6. ანტონქელბაქიანი– ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
  7. სალომენამიჭეიშვილი– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. ნინო შატბერაშვილი – სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.

30.06.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება