სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის (ENOC) სრულუფლებიანი წევრი გახდა

2018 წლის 29 მარტს ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის (ENOC) საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ეს სტატუსი წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული სამუშაოს საერთაშორისო აღიარებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის გაძლიერების კუთხით.

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი ორგანიზაციების ასოციაციაა, რომელიც თავის მანდატს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად ახორციელებს.

ორგანიზაციის მიზანია კავშირების დამყარება და ინფორმაციისა და სტრატეგიების გაზიარება ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან - ბავშვთა ომბუდსმენებთან, ბავშვთა კომისრებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და სახალხო დამცველის ოფისების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან.

2018 წლისთვის ქსელი ევროპის საბჭოს 34 ქვეყნის 42 ინსტიტუტი აერთიანებს, რომელთაგანაც 23 ევროკავშირის ქვეყანაა. ორგანიზაციის წევრობა შეზღუდულია და მასში გაწევრიანება მხოლოდ ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს ინსტიტუტებისთვისაა შესაძლებელი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება