სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კამპანია – უსაფრთხო სათამაშოს ფარგლებში

2017 წლის22 და 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველის მოადგილეებმა ნათია კაციტაძემ და ეკატერინე სხილაძემ საინფორმაციო კამპანიის – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქიმიკოსებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებთან და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წევრები, რომელიც სახალხო დამცველის კამპანიასთან თანამშრომლობის მიზნით დაფუძნდა.

შეხვედრაზებავშვის პიროვნული განვითარების პროცესში სათამაშოების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ქიმიური ანალიზის შესაძლებლობები შეაფასეს. აღინიშნა, რომ სათამაშოს, რომელსაც ფსიქოლოგები „ფსიქიკის ვიტამინსაც“ კი ეძახიან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით, ამ პროცესში კი უსაფრთხო სათამაშოს მიგნება დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქციას არ ახლავს ნივთიერებების შემცველი ანოტაცია და შერჩევა მხოლოდ ფასის მიხედვით ხდება.

სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშოს“ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

22.06.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება