სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს, სადაც არასრულწლოვანთა სავარაუდო პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა იყო ნაჩვენები.

ზემოაღნიშნულ სიუჟეტში ნაწილობრივ შესაძლებელი იყო არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება, რაც ყოვლად დაუშვებელია და უაღრესად მწვავედ შეიძლება აისახოს მსხვერპლ ბავშვთა, მოზარდთა მდგომარეობაზე; სიუჟეტში წარმოდგენილმა კადრებმა კი შესაძლოა გაზარდოს ინტერესი აღნიშნული უკანონო მასალის მიმართ.

ასევე, ვეხმიანებით ამავე ტელევიზიის გადაცემა „სხვა ნანუკას“ ანონსს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ინტერვიუ არასრულწლოვან მსხვერპლთან.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ტელეკომპანია „მთავარს“, იმსჯელოს გადაცემა „სხვა ნანუკაში“ არასრულწლოვნის ინტერვიუს მიზანშეწონილობაზე. მსხვერპლ ბავშვთან საუბარი, განსაკუთრებით საჯარო ინტერვიუ ისეთი მძიმე დანაშაულის შესახებ, როგორიც ბავშვთა პორნოგრაფიაა, საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, გამოცდილებას და უნარებს, რათა აღნიშნულმა უარყოფითად არ იმოქმედოს მსხვერპლის ამჟამინდელ და სამომავლო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. აუცილებელია აღნიშნული სათანადოდ შეფასდეს. ასევე, აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს ბავშვის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

შევახსენებთ ტელე-მედია საშუალებებს, რომ ბავშვთა მიმართ მომზადებული მასალა პირველ რიგში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, ასევე ჟურნალისტმა პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება