სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეუქმნას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები.

წელს ეს დღე მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ ვითარებაში აღინიშნება.

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე[1].

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს;
  • განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
  • ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.


[1] ახალი კორონავირუსის ბავშვებზე, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის სამწუხარო შედეგებზე ლაპარაკობს არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელი, რომლის ნამდვილ წევრსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება