სიახლეები

მრგვალი მაგიდა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების სისტემური პრობლემებისა და სოციალური სამსახურის გამოცდილების შესახებ

2015 წლის 22 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პროექტის ..ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების’’ ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე ,,მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამების სისტემური პრობლემები და სოციალური სამსახურის გამოცდილება’’.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, ქ. თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოსა და მინდობით აღზრდის/რეინტეგრაციის ქვეპროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აგრეთვე, სოციალური მომსახურების რაიონული ცენტრების სოციალურმა მუშაკებმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია გედევანიშვილის, მოწვეული კონსულტანტის, ია შეყრილაძისა და პროექტის მონიტორების–მარიამ ბოჭორიშვილისა და მარიამ ჯანიაშვილის მიერ წარედგინათ მოხსენებები მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების სამართლებრივი რეგულირების, იმპლემენტაციის პრობლემების, სახალხო დამცველის მიერ განსახორციელებელი მონიტორინგის ინსტრუმენტისა და მექანიზმების შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო მინდობით აღზრდის შესახებ სტანდარტების პროექტი. დისკუსია შეეხო ამ სფეროში მოქმედი სოციალური და ფსიქოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებს, ბენეფიციარებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და სხვა რელევანტურ საკითხებს.

შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვის პრობლემების, ნორმატიულ დონეზე რეგულირების ხარვეზების, მხარდამჭერი სერვისების რეფორმირების, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსების დროულობის, მიმღებ ოჯახთა რეგისტრაციისა და სატრენინგო პაკეტების შემოღების, გეოგრაფიული დაფარვისა და სერვისების ხელმისაწვდომობის, აღნიშნული ქვეპროგრამების მოსახლებაში პოპულარიზაციის საჭიროების, მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების მუშაობის საჭიროებების გარშემო.

აღნიშნულ საკითხზე მეორე მრგვალი მაგიდა გაიმართება 2015 წლის 20 ნოემბერს.

ბავშვთა ცენტრი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)