სიახლეები

კონფერენცია ბავშვთა უფლებების შესახებ

2014 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ,,ბავშვთა უფლებები’’.
კონფერენციის ფარგლებში სახალხო დამცველის „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების’’ პროექტის იურისტმა – მარიამ ბოჭორიშვილმა წარადგინა მოხსენება ,,საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ’’, ხოლო სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა – თამთა ბაბუნაშვილმა ,,ბავშვთა სახლებსა და პენიტენციალურ სისტემაში განთავსებულ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ’’.
კონფერენცია დასრულდა დისკუსიით, რომელიც შეეხებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების განხორციელებისა და სხვა რელევანტურ საკითხებს.
მოხსენებების შედეგად, კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებსა და გამოწვევებს. მომხსენებლებთან ერთად დაისახა ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები. საქმიანობის გაგრძელება კონფერენციის მონაწილეთა ჩართულობის შედეგად შემუშავებული ინიციატივების კუთხითაც იგეგმება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება