სიახლეები

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 74-ე სესია

2017 წლის 25 იანვარს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტმა, 74-ე სესიაზე გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი რიგით მე-4 პერიოდული ანგარიში განიხილა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი ესწრებოდნენ.

ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ ბავშვის უფლებების დაცვის და განხორციელების საკითხებით, როგორიცაა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, ძალადობისგან დაცვა, დისკრიმინაცია, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და სხვა.

გარდა მთავრობის ანგარიშისა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში ალტერნატიული ანგარიშები წარადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა.

საქართველო გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რითიც ქვეყანამ ამ საერთაშორისო დოკუმენტში მოცემული პრინციპებისა და ბავშვის უფლებების განხორციელების ვალდებულება აიღო საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე. 5 წელიწადში ერთხელ კონვენციის წევრი სახელმწიფო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს ბავშვის უფლებების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სესიის შემდგომ კომიტეტი განიხილავს მთავრობასთან დიალოგის შედეგებს და გამოსცემს რეკომენდაციებს (დასკვნით შენიშვნებს), რომელთა გათვალისწინებაც არსებითად უწყობს ხელს კონვენციის პრინციპების დანერგვას. საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში გაეროს კომიტეტმა 2008 წელს განიხილა.

იხილეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის აღსრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიშის ელექტრონული ვერსია

იხილეთ ალტერნატიული ანგარიშის დამატებითი დოკუმენტი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება