სიახლეები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის აპრილიდან მონაწილეობს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) ახალგაზრდულ პროექტში (ENYA), რომელიც ქსელის ყოველწლიურ საქმიანობაში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის კოორდინირებით, პროექტში საქართველოდან 15 არასრულწლოვანი ჩაერთო, რომლებიც 2 თვის განმავლობაში შეხვდნენ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიიღეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ინტერესი რესურსებისა და ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული სერვისებისადმი წვდომამ გამოიწვია; მოამზადეს ვიდეო-რგოლი და რეკომენდაციები, რომელთა ძირითადი ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების საზოგადოებისგან იზოლირების, სტიგმატიზაციისა და მათ მიმართ არსებული ძალადობრივი დამოკიდებულების საკითხებს ეხება.

2018 წლის 28-29 ივნისს პროექტის მონაწილეებმა თორნიკე ნიჟარაძემ და ვახტანგ არუთინიანმა, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან თამთა ბაბუნაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბარსელონაში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში, სადაც პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს და მომზადებული ვიდეო-რგოლი წარადგინეს.

ფორუმში მონაწილე 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის რეკომენდაციებზე მუშაობისას თემის შესახებ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, ისაუბრეს მათი ქვეყნების დადებით და უარყოფით პრაქტიკებზე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრი აქტიურად გააგრძელებს არასრულწლოვნებთან ერთად სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და არასრულწლოვნების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება