რეკომენდაციები

წინადადება საქართველოს პრემიერ მინისტრს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ყველა პირის უფლებების თანაბარი რეალიზება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს შესაძლებლობა მისცეს ჩაერთონ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. სავალალო მდგომარეობაშია კლინიკები და ამბულატორიები, მცირეა კვალიფიციური ექიმების რაოდენობა. მოსახლეობას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს საოკუპაციო ხაზის გადმოსაკვეთად.

ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება ყველასათვის განსხვავების გარეშე. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ყველას ჯანმრთელობის უფლებას და არ შეზღუდოს კონკრეტული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებისათვის.

საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული აქვს ნება – ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სერვისები, მათ შორის პირადობის ნეიტრალური მოწმობის საფუძველზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას, რაც თავისთავად ეხმიანება სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს.

სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ სხვა ჯანდაცვის პროგრამებთან შედარებით C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა გაცილებით ძვირადღირებულია და მეტი უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამ დოკუმენტის გაცემასა და თვით დოკუმენტის მფლობელზე.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პრემიერ მინისტრს შეისწავლოს ეს საკითხი უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის №169 დადგენილებში - „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.

წინადადება საქართველოს პრემიერ მინისტრს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება