სიახლეები

შეხვედრა სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის საკონკურსოდ წარსადგენ სახელმძღვანელოთა ავტორებთან

2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენის და ლიტერატურის მე-7 კლასის საკონკურსოდ წარსადგენ სახელმძღვანელოთა ავტორებს შეხვდა და ადამიანის უფლების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სახელმძღვანელოთა შექმნის პროცესში თანამშრომლობა შესთავაზა. ასევე ხაზი გაუსვა სახელმძღვანელოში სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმის საქმიანობისა და მანდატის ასახვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა მდგრადი განვითარებისთვის გაეროს გლობალური მიზნები წარმოადგინა და ამ მიზნების განხორციელებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2018 წელს საკონკურსოდ წარმოდგენილ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები, სასწავლო ეროვნული გეგმით დადგენილი სტანდარტები. ხაზი გაუსვეს უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას.

დისკუსიამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. სახელმძღვანელოთა ავტორებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს თანამშრომლობის ფორმებზე, სახელმძღვანელოთა მონიტორინგის მექანიზმებზე, სხვადასხვა საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში ადამიანის უფლებათა ასახვის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების საკითხზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება