სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თემაზე - „ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა“

2016 წლის 12-14 სექტემბერს, გუდაურში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ფინანსური თანამონაწილეობით გამართა ტრენინგი თემაზე „ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა“, სადაც განიხილეს ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მექანიზმები, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. ტრენინგს საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის დამასრულებელი კურსისა და მაგისტრატურის 16 სტუდენტი დაესწრო.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა ზუზანა კოვალოვამ და თორნიკე ცაგარეიშვილმა, ასევესახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა თამთა პაპუაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სისტემა, „ლტოლვილის“ განმარტება კონვენციის მიხედვით, ლტოლვილთა დაცვის უნივერსალური პრინციპები და ცნებები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენციალურობა, ოჯახის ერთიანობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, გამორიცხვის პრინციპი 1951 წლის კონვენციის მიხედვით, სტატუსის გაუქმება, შეწყვეტა და განახლება; ასევე საქართველოში თავშესაფრის სისტემისა და კანონმდებლობის მიმოხილვა, საერთაშორისო და ეროვნული პრეცედენტული სამართალი ლტოლვილთა შესახებ.

ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლისა და მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის გააზრება საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, სტუდენტებს დაეხმარება შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც შესაძლოა სამომავლოდ მათი აკადემიური და პროფესიული ინტერესის სფერო გახდეს. ტრენინგი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლტოლვილთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მოწყვლადი ჯგუფის მარგინალიზაციის თავიდან აცილებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

12.09.16-14.09.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება