სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

2016 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 22 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: „პენიტენციური დაწესებულებების ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვა“. ტრენინგს დაესწრნენ პენიტენციური დაწესებულებების დირექტორები და მოადგილეები, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო, პენიტენციური და იურიდიული დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები.

სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვის გზებზე. მონაწილეები გაეცნენ პატიმრობის რეჟიმებს, არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიებს, საჩივრების მექანიზმს, რისკების შეფასებას, დინამიურ უსაფრთხოებას, დისციპლინურ სამართალწარმოებას, და ისეთ საკითხებს როგორიცაა: პატიმართა ჯანმრთელობა; ფსიქიატრიული პაციენტები ციხეში; თანამშრომლების დეონტოლოგია; წამების აკრძალვისა და პრევენციის საერთაშორისო ვალდებულებას, გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატურ ოქმს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სასჯელაღსრულების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიმოხილვას, პოლიტიკის დოკუმენტების მიმოხილვას და სხვა ძირითად საკითხებს.

ტრენინგს გაუძღვნენ საერთაშორისო ექსპერტი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ყოფილი წევრი ვინსენტ ტაისი, რომელსაც 39 წლიანი გამოცდილება აქვს ლუქსემბურგში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია და ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონული დირექტორი ცირა ჭანტურია. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგი განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ ფარგლებში. ეს ბოლო ტრენინგი გახლდათ. 2016 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 10 ტრენინგი ჩატარდა, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისკენ იყო მიმართული.

29.11.16-2.12.16



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება