სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მონაწილეობა ევროსაბჭოს კონფერენციაში „ევროპაში ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის შესახებ განათლების მომავლის“ შესახებ

2017 წლის 20-22 ივნისს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის (დეპარტამენტის) უფროსმა მედეა გუგეშაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართულ კონფერენციას თემაზე – „ევროპაში ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის შესახებ განათლების მომავალი“. კონფერენციას ორგანიზება გაუწია ევროსაბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ჩართულობის დირექტორატის ფარგლებში არსებული განათლების დეპარტამენტმა.

ღონისძიების მიზანს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ განათლების თაობაზე ევროსაბჭოს ქარტიის პოპულარიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

კონფერენციაზე დამსწრე ევროპის სახელმწიფოთა მთავრობების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო სექტორის 300-მდე წარმომადგენელმა ევროპაში ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის შესახებ განათლების ანგარიშის დასკვნები განიხილეს და წარსული გამოცდილება გააანალიზეს. მონაწილეები შეჯერდნენ ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის შესახებ განათლების სტრატეგიულ მიზნებზე მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე გლობალურ კონტექსტში. შემუშავებული რეკომენდაციები განხილვისა და დამტკიცების შემდეგ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აისახება.

კონფერენციის ფარგლებში მედეა გუგეშაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ორგანიზებას უწევდნენ ეროვნული ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების ეროვნული ქსელი (ENNHRI), ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკავშირის სააგენტო (FRA) და ევროსაბჭო (CoE).

შეხვედრის მიზანი იყო ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასკვნებიდან გამომდინარე იდენტიფიცირებული აქტივობების განხორციელებაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მხარდაჭერის ღონისძიებების განხილვა ადამიანის უფლებათა განათლების ხელშეწყობის მიზნით. განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის გამოცდილება, საგანმანათლებლო საქმიანობები და ამ საქმიანობების გაფართოვებისა და ხელშეწყობის გზები ევროსაბჭოს, ENNHRI-სა და FRA-ს მიერ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება