სიახლეები

რეკომენდაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

COVID 19-ის პანდემიის პირობებში, სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად შემოღებულმა შეზღუდვებმა, ინტერნეტ სივრციდან მომდინარე რისკები და მათთან მიმართებით ბავშვთა ზოგადი დაუცველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ისეთი საფრთხეების პრევენციის აუცილებლობას, როგორიცაა კიბერბულინგი, სიძულვილის ენა, სექსისტური ენა, ბავშვთა პორნოგრაფია და სხვა. ამდენად, სრულიად ახალ და მზარდ მნიშვნელობას იძენს ციფრული მოქალაქეობის შესახებ ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების განათლება.

ევროპის საბჭოს განმარტებით, ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ეფუძნება და აერთიანებს ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს, რაც მიიჩნევა ბავშვის განათლების უფლების ერთ-ერთ განზომილებად. ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიდგომის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის თითოეული მუხლის ინტერპრეტირება მოხდეს ციფრული ეპოქის სპეციფიკისა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თითოეული ქვეპუნქტი, რომელიც განათლების მიზანს ადგენს, სრულფასოვნად „გადაინაცვლებს“ ონლაინ სფეროშიც, რადგან ამ შემთხვევაში იცვლება პლატფორმა, სადაც საგანმანათლებლო პროცესი წარიმართება.

სახალხო დამცველის აზრით, პროექტი „ტელესკოლა“ ახალ შესაძლებლობას იძლევა, როგორც პლატფორმა, ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების გაზიარებისათვის, რომლის ეფექტური გამოყენება დისტანციური სწავლების პირობებში კრიტიკულად აუცილებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ უზრუნველყოს:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე სავალდებულო საგნის მეშვეობით იმგვარად, რომ სრულფასოვნად დაინტეგრირდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
  • მოსწავლეთა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისათვის ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლებაში ტრენინგ პროგრამების შემუშავება/ჩატარება, ამასთან მათი განთავსება „ტელესკოლის“ პლატფორმაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)