სიახლეები

მონაწილეობა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების შესახებ სამართლის სპეციალისტების განათლების (HELP) პლატფორმის წლიურ კონფერენციაში

2016 წლის 16-17 ივნისს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაიმართა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების შესახებ იურისტების განათლების (HELP) პლატფორმის წლიური კონფერენცია, რომელიც ეხებოდა თემას - „ეროვნული პრეცედენტული სამართლის ჰარმონიზების გზები“. აღნიშნულ ღონისძიებაში, ევროსაბჭოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის უფროსმა მედეა გუგეშაშვილმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერის“ პროექტის ხელმძღვანელმა ეკატერინე დათუნაშვილმა.

კონფერენციაზე განიხილეს ეროვნული სასამართლოების მიერ ევროპული პრეცედენტული სამართლის თანმიმდევრული და ჰარმონიზებული გამოყენების თაობაზე სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება, HELP პროგრამის ფარგლებში სწავლებათა მეთოდოლოგიური ასპექტები, სამომავლო ტრენინგების თემატიკა და მასალების ხელმისაწვდომობის საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და ეროვნული ტრენინგ–ინსტიტუტების 126-მა წარმომადგენელმა მიიღო.

ასევე, გაიმართა შეხვედრა HELP-ის სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატაშა დე რუკთან და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ადამიანის უფლებების ეროვნულ დონეზე განხორციელების განყოფილების პროექტის კოორდინატორთან მაჰირ მუშტეიდზადასთან. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის HELP პლატფორმაში ჩართვის თაობაზე, რისი მეშვეობითაც აკადემია განახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის, რომლებიც ტრენინგის ბოლოს ევროსაბჭოსა და აკადემიის ერთობლივ სერთიფიკატს მიიღებენ.

HELP-ის პლატფორმა ელექტრონული სწავლების ფორმატს გულისხმობს და მასში სხვადასხვა თემატური ტრენინგ–კურსი თარგმნილია ბენეფიციარი ქვეყნების ენებზე (მათ შორის ქართულ ენაზე). კურსი ორი ტიპისაა - დისტანციური სწავლება, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული მონაწილეებისთვის და თვითსწავლება, ნებისმიერი მსურველისთვის. აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პოპულარიზაციასა და განხორციელებაში ეროვნულ დონეზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება