სპეციალური ანგარიშები

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური მონიტორინგის მიგნებები და რეკომენდაციები

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური მონიტორინგის შედეგებს. განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების და მიღწეული შედეგების შეფასება, არსებული ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.

მონიტორინგის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განმახორციელებელი სამთავრობო სტრუქტურებისგან. ასევე, ჩატარდა ფოკუს ჯგუფის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში დევნილთა დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან. მოეწყო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ კვლავ პრობლემურია პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მიერ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. გარდა ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროექტებისა და ღონისძიებების არსებობა. კვლავ არ არსებობს სპეციფიკური ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შეთავაზება.

საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია თითოეული უწყებისა და მუნიციპალიტეტების კომუნიკაციის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე. მოხდეს ქვეყანაში არსებული სხავადასხვა სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისათვის. დაიგეგმოს და განხორციელდეს მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები, მოხდეს მათი ჩართულობა პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელების პროცესში.

ვიმედოვნებთ, რომ შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება ეროვნული სამოქმედო გეგმის განმახორციელებელ უწყებებს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება