სპეციალური ანგარიშები

ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში: ქალთა გენდერული მკვლელობები 2016 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი

დოკუმენტში ასახულია 2016 წელს მომხდარი ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ანალიზი საქართველოს მიერ ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვისა და დახმარების კუთხით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებაში.

ანგარიშში განხილულია ფემიციდის დეფინიცია და მისი ძირითადი მახასიათებლები, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დამოკიდებულება დანაშაულის ამ ფორმასთან, ფემიციდის იდენტიფიცირების სირთულეები და იდენტიფიცირების გზები, მოყვანილია ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეთა მონიტორინგის შედეგები, სასამართლო ეტაპზე არსებული ხარვეზები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. დანართებში იხილავთ ქალთა მკვლელობების სტატისტიკას და სახალხო დამცველის აპარატში განხილულ საქმეთა დეტალურ ანალიზს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წელს ფემიციდის შესახებ მიღებული რეზოლუციით მოუწოდა წევრ ქვეყნებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ქალებისა და გოგოების გენდერული ნიშნით მკვლელობების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, ერთ-ერთ ინსტრუმენტად რეზოლუცია მოუწოდებდა სახელმწიფოებს ფემიციდის ფაქტებზე მონაცემების შეგროვებას, მათ ანალიზსა და შედეგების გაზიარებას, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა და პოლიტიკა მსგავსი დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის.

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა 2015 წელს მოუწოდა გაეროს წევრ სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად ემუშავათ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შეექმნათ გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის, იგივე ფემიციდის მონიტორინგის სისტემა.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 25 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით, „ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის“ შექმნის თაობაზე მზადყოფნა განაცხადა.

მანდატის ფარგლებში, „ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის“ საშუალებით, სახალხო დამცველის მიზანია გააანალიზოს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის თითოეული საქმე, რათა იდენტიფიცირებულ იქნას ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის მექანიზმის ხარვეზები შემდგომში ამ მექანიზმების დახვეწისა და განვითარების მიზნით.

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებულ სპეციალურ ანგარიშს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში. ანგარიშში გაანალიზებული დანაშაულები ჩადენილია 2016 წელს. ვიმედოვნებთ, წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

გამოცემა მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება