ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

საჯარო დებატები

საჯარო დებატები

საჯარო დებატები ნარკოპოლიტიკის თემაზე

მაისი 27, 2016

2016 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისში მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა“. დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელი გიორგი ლაბაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების ქსელის“ წარმომადგენელი კახაბერ კვაშილავა. დებატებს მოდერაცია გაუწია სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

დებატებზე წარმოდგენილი იქნა როგორც ნარკოშემოწმების მიზნით პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა, ასევე განიხილეს კანონმდებლობის ხარვეზები და სასამართლო პრაქტიკა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში მარტო ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა დაახლოებით 80%-ს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 85% დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციას ცალსახად არ ემხრობა შინაგან საქმეთა სამინისტრო.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო პრაქტიკაც მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ნარკოტიკების მოხმარება დასჯადი ქმედებაა. ასევე, დააფიქსირა სამინისტროს მიდგომები კანონის ლიბერალიზაციის კუთხით და წარმოადგინა შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება, რომელიც ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლებს დეტალურად განმარტავს. არასამთავრობო ორგანიზაციის „ზიანის შემცირების ქსელის“ წარმომადგენელმა 2015 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება მიმოიხილა და ხაზი გაუსვა კანონის ლიბერალიზაციის აუცილებლობას, რათა მოსამართლეებს ობიექტური მართლმსაჯულების აღსრულების საშუალება მიეცეთ. კახაბერ კვაშილავამ ასევე წარმოადგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2014-2015 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, რომელმაც გამოიწვია სხეულის მძიმე დაზიანება, არცერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალოვანი სტრუქტურები დანაშაულის მიზეზებზე საუბრისას ხშირად სწორედ ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ზიანზე საუბრობენ.

საჯარო დებატებს ესწრებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელმაც არსებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა და ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ რიგ შემთხვევებში, მკაცრი კანონის გამო მოსამართლეებს ლიბერალური სასჯელის შეფარდების საშუალება არ ეძლევათ. საჯარო დებატები კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც მოთხრობილია პირადი ისტორია და ასახავს პოლიციის მიერ განხორციელებულ ზეწოლას.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ყოველი თვის პოლო პარასკევს აქტუალურ თემებზე იმართება. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“.

 

27.05.16

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin