ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

წინადადებები

წინადადებები

სახალხო დამცველის ინიციატივა „მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერის შესახებ

ივლისი 11, 2018

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერის შესახებ.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა შესახებ“ რეზოლუციის ინიცირება და 2019 წლისათვის მისი განხილვის ადვოკატირება მოახდინეს.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველომ  გაეროში საკუთარი წარმომადგენლობის მეშვეობით მხარი დაუჭიროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს 2019 წელს ამ საკითხის შეტანას გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის დღის წესრიგში და ასამბლეის მიერ ზემოაღნიშნული რეზოლუციის მიღებას.

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვის შესახებ რეზოლუციის მიღება და მისი ეფექტიანი ამოქმედების ადვოკატირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვისა და დახმარებისათვის, რადგან სახელმწიფოთა უმრავლესობა დგას  ბავშვთა მიტოვების საყოველთაო პრობლემის წინაშე; თუმცა, გაეროს წევრ სახელმწიფოებს კოლექტიურად იშვიათად თუ მიუღიათ სათანადო და დროული ღონისძიებები მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა კეთილდღეობისათვის.

ბავშვები ხშირად  ექვემდებარებიან და აწყდებიან ეკონომიკურ თუ  სოციალურ  სიდუხჭირეს და განიცდიან ხანგრძლივ მარგინალიზაციას. ბავშვები, რომლებიც მშობლებს ჩამოშორდნენ სიღარიბის, კონფლიქტებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მიზეზებით, ძირითადად ცხოვრობენ ქუჩაში და დიდი ზომის ინსტიტუციებში; ისინი როგორც წესი, სტატისტიკისა და გლობალური განვითარების გეგმების მიღმა რჩებიან. მსგავსი მდგომარეობაა საქართველოშიც, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვების რაოდენობა დღემდე საკმაოდ მაღალია.

შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სახელმწიფოთა მიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მდგომარეობის ეროვნულ დონეზე  გაუმჯობესება, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა  დაცვის შესახებ რეზოლუციის მიღება.

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin