ცხელი ხაზი

1481

რეკომენდაციები

რეკომენდაციები

სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა

მარტი 17, 2017

2017 წლის 10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ა.გ.–ს მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიეწოდა ინფორმაცია 2015–2016 წლებში სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილული სისხლის სამართლის საქმეების, მათზე დამდგარი განაჩენებისა და საკასაციო წესით განსახილველი საქმეების რაოდენობის შესახებ იმ მიზეზით, რომ არ ხდებოდა ამგვარი ინფორმაციის სტატისტიკური აღრიცხვა. ამასთან, განმცხადებელს არ მიეწოდა ამავე პერიოდში ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილი განაჩენების ასლები დაშტრიხული სახით.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების საჯარო ხელმისაწვდომობა დეპერსონალიზაციის პირობებში, გარანტირებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილებების საქვეყნოობის პრინციპით. ინფორმაციის მიღების კონსტიტუციური უფლება, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დამუშავებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველასთვის, უზრუნველყოფს საჯარო უფლებამოსილების გამჭირვალედ განხორციელებას.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა რეკომენდაციით, უზრუნველყოს განმცხადებლისთვის ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილი განაჩენებისა და საკასაციო წესით განხილულ საქმეთა რაოდენობის თაობაზე ინფორმაციის, ასევე 2015–2016 წლებში ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილი განაჩენების ასლების დეპერსონალიზებული ფორმით მიწოდება.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin