ცხელი ხაზი

1481

საქმიანობის ისტორია

საქმიანობის ისტორია

სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ისტორია საქართველოში

ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება. ომბუდსმენის ინსტიტუტისა თუ ადამიანის  უფლებების დაცვის ორგანოების არსებობა, რომლებიც ამ აღიარებული უფლებების რეალიზაციის გარანტად გვევლინება, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის გარკვეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში აისახა ადამიანის უფლებების დაცვის საწყისი მექანიზმები. ეს იყო პირველი საკანონმდებლო აქტი, სადაც ფართოდ წარმოჩინდა პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრი. კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობოდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, აქ იყო სავალდებულო და უფასო განათლების უფლება; უღარიბესი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა საზრდოს, ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების სახით. ცალკე იყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების თავი. 1921 წლის კონსტიტუცია სრულად პასუხობდა დროის შესაბამის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მოქმედება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მოქმედი პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად აღიარებდა ადამიანის ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას. საბჭოთა საქართველოში რა თქმა უნდა, არ არსებობდა ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტი. 

მრავალი წლის შემდეგ, უკვე 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის შესახებ“. მაგრამ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრიორიტეტის მინიჭების გამო, ამ კომიტეტს სულ მალე შეეცვალა სახელი და დაერქვა „საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტი“.

რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებდა დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. კომიტეტს უნდა ჰქონოდა საკუთარი დებულება. შეეძლო შეექმნა ტერიტორიული ორგანოები და დაეარსებინა ფონდები.

1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტი დროებით განათავსეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობაში (ყოფილი პარლამენტი თბილისში).

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტი:

- კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სახელმწიფო, სამთავრობო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას ადამიანის პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვაში;

- განიხილავდა ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს;

- სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით შეეძლო შეემოწმებინა წინასწარი დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სასჯელის ან სასამართლოს მიერ დანიშნული სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებების აღმასრულებელ შრომაგასწორებით და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით აღჭურვილი თანამდებობის პირი, უფლებამოსილი იყო შესულიყო დაკავებულთა მოთავსებისა და წინასწარი პატიმრობის, სასჯელის აღსრულების ადგილებში, შეხვედროდა და გასაუბრებოდა დაკავებულებს და დაპატიმრებულებს; გააერკვია, იყო თუ არა დაცული მათი უფლებები დაკავების ან დაპატიმრების, აგრეთვე შესაბამის დაწესებულებებში ყოფნის პროცესში;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა შესაბამისი თანამდებობის პირისაგან წერილობითი წარდგინებით მოეთხოვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის აღკვეთა. მისი წარდგინების განხილვა სავალდებულო იყო ერთი თვის ვადაში, განხილვის შედეგების შესახებ უნდა ეცნობებინათ კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებელისათვის. რესპუბლიკის სახელმწიფო, სამთავრობო ორგანოები და ორგანიზაციები, ავტონომიური სუბიექტების შესაბამისი სამსახურები ვალდებული იყვნენ მოთხოვნისთანავე წარედგინათ ინფორმაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, კომიტეტს უფლება ჰქონდა მუდმივად ეზრუნა და ზედამხედველობა განეხორციელებინა „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ძირითადი მოთხოვნების შესრულებისათვის, რათა საბოლოოდ აღკვეთილიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების საქმეში ადმინისტრაციული ჩარევის ფაქტები.

შემდგომში სახალხო დამცველის ინსტიტუტის ჩამოყალიბება სწორედ ამ კომიტეტის ბაზაზე მოხდა და აპარატიც თავდაპირველად ძველი, გამოცდილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა. თუმცა, კომიტეტის უფლებამოსილებებთან შედარებით დღეისათვის სახალხო დამცველის კომპეტენციის ფარგლები უფრო ფართოა.

პირველი, ვინც ამ თანამდებობაზე აირჩიეს იყო - დავით სარალიძე (1997-2000), იგი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნანა დევდარიანმა (2000-2003) შეცვალა. უფლებამოსილების ვადა სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ ამოუწურავს არც ნანა დევდარიანს. მის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გახდა სოზარ სუბარი (2004-2009), რომელიც კანონით დადგენილი 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვალა გიორგი ტუღუშმა (2009-2012). გიორგი ტუღუში სამი წლის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.

2012 წლიდან ამ თანამდებობას უჩა ნანუაშვილიიკავებს, იგი რიგით მეხუთე სახალხო დამცველია.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin