ცხელი ხაზი

1481

მანდატი

მანდატი

საქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.

საქართველოს სახალხო დამცველი მის საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი ხელისუფლების არც ერთ შტოს არ მიეკუთვნება.

საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს:

  • სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
  • საჯარო დაწესებულებებს
  • თანამდებობის პირებს

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებების საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს, რომლებიც ეხება:

  • საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას;
  • სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას;
  • დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებების დარღვევას;
  • ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას;
  • რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობას.

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია განიხილოს განცხადებები როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შესახებ, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი:

  • საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს წარუდგენს წინადადებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით;
  • ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, მიმართავს წინადადებებითა და რეკომენდაციებით;
  • შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს წინადადებით გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით;
  • წინადადებით მიმართავს შესაბამის ორგანოებს იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;  
  •  ასრულებს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციას საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
  • კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს;
  • წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია;
  • განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას.

საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობა წარმოადგენს. იგი ორგანიზებას უწევს ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და კამპანიებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს აერთიანებს.

2013 წელს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს ასარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი წარუდგინოს, იურიდიული დახმარების საბჭოში კი 3 წევრი აარჩიოს.

საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს - მინიჭებული აქვს  „A“  სტატუსი, რაც გაეროს პარიზის პრინციპებთან საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის სრულ შესაბამისობას გულისხმობს. შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მუშაობაში საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე ხმის მიცემის უფლებით, დაიკავოს პოზიცია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურ ალიანსში/ქვე-კომიტეტებში და მიიღოს მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

akademina

bulletin

kursi