ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველმა მოადგილეები წარადგინა

იანვარი 10, 2018

2018 წლის 10 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად შეძლებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და ახალ მიმართულებებზე მუშაობას.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილის და აპარატის უფროსის რანგში დღეიდან საქმიანობას შეუდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, ევროპის ადამიანის უფლებათა ცენტრის საერთაშორისო კომიტეტის (EHRAC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს ყოფილი წევრი თამარ გვარამაძე. თამარ გვარამაძე სახალხო დამცველის აპარატში მოსვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის სკოლის უფროსის თანამდებობას იკავებდა. იგი ხელმძღვანელობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციულ, რეგიონულ, მოქალაქეთა მიღების, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.

სახალხო დამცველის მოადგილეები, ასევე, იქნებიან გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე. სისხლის სამართლის მაგისტრი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრი, სამართალმცოდნის ბაკალავრი და ამჟამად თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ბურჯანაძე სისხლის სამართალის მართლმსაჯულებას, პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებებს, ანალიტიკურ საქმიანობასა და საკონსტიტუციო და საკანონმდებლო სამართალწარმოებას გაუწევს კურატორობას.

ეკატერინე სხილაძე, რომელიც 2016 წლიდან ასრულებს სახალხო დამცველის მოადგილის მოვალეობას, კვლავ თანასწორობის, გენდერული თანასწორობის, ბავშვის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

 

10.01.18

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin