ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“

ოქტომბერი 03, 2017

სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, მათი უფლებების შელახვისა თუ წამების  აღმოფხვრისათვის უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მხრიდან ბევრი გაკეთდა. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი  ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის.

სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“. კამპანიის ფარგლებში შეიქმნება სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის სამოქალაქო ქსელი; დაგეგმილია შეხვედრები თემაზე მომუშავე პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან, დაინტერესებულ პირებთან და ა.შ. მომზადდება საინფორმაციო ვიდეო რგოლი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სახალხო დამცველის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არცერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ხშირია სამართალდამცავთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები და, შესაბამისად მოქალაქეთა საჩივრები.

შექმნილი ვითარება არსებული საგამოძიებო სისტემის სერიოზულ ხარვეზზე და ამ სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. უნდა შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს.  აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე ამგვარი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა სახალხო დამცველის ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად რჩება.

სახალხო დამცველის აზრით, ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ადამიანის წამება და არასათანადო მოპყრობა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელი, დაუშვებელი და მკაცრად დასჯადია; სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილება მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდება და ადამიანის მიმართ მოპყრობა ღირსებას დაეფუძნება; სადაც იმოქმედებს უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, ეფექტიანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი. 

წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენცია სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა, პრევენცია მხოლოდ წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებით არ უნდა შემოიფარგლოს. აუცილებელია დანაშაულის რისკების შემცირება (დაუსჯელობა, წამებისაგან დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობა, სამართალდამცველთა დაბალი პროფესიონალიზმი, არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, ცუდი სამუშაო პირობები, დაწესებულებების ნაკლები გამჭვირვალობა და ა.შ.)

 

 

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin