ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის შესახებ

იანვარი 11, 2018

2018 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე არასათანადო რეაგირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

ლგბტ თემის წარმომადგენელის ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც შეესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტს. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რწმუნების წარდგენის მიუხედავად არ რთავდა შენობაში ყოფნის ნებას. ამასთან, ჰომოფობიურად იყო განწყობილი და აგრესიას გამოხატავდა ლგბტ თემის მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა; თუმცა, სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გააფრთხილეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებას სწავლობს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ. სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე, რაც, სხვა სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად მათი სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის დაბალი ხარისხითაც არის განპირობებული, ხოლო რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა საქმის საფუძვლიანი შესწავლა და პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა. ასევე უნდა განხორციელდეს პოლიციის თანამშრომლების გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და პოლიციელებს განემარტოთ სახალხო დამცველის მანდატისა და უფლებამოსილების შესახებ.

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin