ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დეკემბერი 12, 2017

2017 წლის 11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ აღიარა, რომ  ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორი იბადება, დაუშვებელია წამება და ღირსების შემლახავი  მოპყრობა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელა ეროვნული კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიცვალა საზოგადოების განწყობა და წარმოდგენები, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები სრულად ან ნაწილობრივ დაცულია. გაიზარდა ნდობაც ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტის მიმართ. მაგრამ, ადამიანის უფლებები არ არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ, იგი მუდმივად საჭიროებს მეთვალყურეობას, მუდმივად ვითარდება და ინერგება ახალი სტანდარტები.

დღეს საზოგადოებას ჩვენგან განსაკუთრებული მოლოდინი აქვს შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა უსაფრთხო შრომის პირობების არაარსებობის გამო, რამაც ნათლად წარმოაჩინა სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

ასევე, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი გრძნობდეს, რომ დაცულია მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ავალდებულებს სახელმწიფოებს, პიროვნული განვითრებისთვის თანაბარი შესაძლებლობები შექმნან, რათა თითოეულ ადამიანს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ყველა სიკეთეზე.

სახალხო დამცველს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებაში, თუმცა, ჯერ-ჯერობით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არათანაბარი მიდგომა კვლავ გამოწვევად რჩება. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობდნენ სხვებზე მეტად თანასწორი, ან სხვებზე ნაკლებად თანასწორი ადამიანები. თავდადებით უნდა ვიმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა, სოციალურად დაუცველთა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა, დევნილების, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული შეხედულებების ნიშნით უმცირესობაში მყოფი ადამიანების უფლებების დასაცავად.

ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, ყურადღება უნდა გამახვილდეს ჯანსაღ გარემოში უსაფრთხო ცხოვრებისა და მუშაობის უფლების დაცვაზე.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები საფუძვლად უდევს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის დაცვაზე ზედამხედველობაც სახალხო დამცველს ევალება. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მაღალია ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა ჩემს წინამორბედ სახალო დამცველს.

მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიის როლი ადამიანის უფლებათა დაცვისა და საინფორმაციო კამპანიის წარმოების საქმეში და ვუსურვო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ  ადამიანის უფლებების დაცვა იყოს პრიორიტეტი თქვენი საქმიანობის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების დროს“.

გამოსვლის დასასრულს ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ ის და მისი აპარატი შეძლებენ იმ ადამიანთა მოლოდინების გამართლებას, ვისაც სახალხო დამცველის დაცვა სჭირდება.  

11.12.17

 



gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin