ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში

თებერვალი 06, 2017

2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის, წარმომადგენლებს 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

დოკუმენტში ასახულია სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მომართვიანობის, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების და მათი შესრულების სტატისტიკური მაჩვენებელი, სახალხო დამცველთან არსებული მრჩეველთა საბჭოების საქმიანობა, აპარატის მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეული სამუშაო; ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ფინანსური და ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით შესრულებული პროექტების შესახებ.

ანგარიშში ასახული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კვლავ მაღალია სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა; საანგარიშო პერიოდში აპარატში 8 827 განცხადება/საჩივარი შემოვიდა, ხოლო 7 196 განცხადება/საჩივარზე დასრულდა მუშაობა. მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და კერძო (ფიზიკური და იურიდიული) პირების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველმა 77 რეკომენდაცია, წინადადება და ზოგადი წინადადება გასცა; აქედან 15 - გაცემული იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული რეკომენდაციების 39% უკვე შესრულებულია, 10% ნაწილობრივ შესრულდა, 17% არ შესრულდა, 4%–ზე მიღებულია შუალედური პასუხი, შესრულებას დაგვპირდნენ 12%–ის შემთხვევაში და 18%–ის შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის პასუხი არ გაუციათ.

2016 წელს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე  2 559 ზარი დაფიქსირდა და 337 ოქმი შედგა, რომელთაგან 167 შეტყობინება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სავარაუდო უფლებადარღვევას ეხებოდა.

2016 წელს მომზადდა 12 სპეციალური ანგარიში, 4 საკანონმდებლო წინადადება, 1 საკონსტიტუციო სარჩელი და 9 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. მნიშვნელოვნად გაზრდილია სახალხო დამცველის ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში. შენარჩუნდა და გაფართოვდა მედია-საშუალებებში სახალხო დამცველის აპარატის  საქმიანობის მაღალი გაშუქების ტენდენცია; სხვადასხვა პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან მიმართებაში გაკეთდა მნიშვნელოვანი კომენტარი და შეფასება. წლის განმავლობაში მომზადდა და მედიაში გავრცელდა 417 პრესრელიზი, მათ შორის სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები.

2016 წელს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ჩატარდა 15 თემატური სასწავლო კურსი, რომელშიც მონაწილეობა 347 პირმა მიიღო.

საქმიანობის ანგარიშს საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოების წინაშე 2013 წლიდან წარადგენს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

 

6.02.17

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin