ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება

იანვარი 10, 2018

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სახალხო დამცველი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დადგინდეს იყო თუ არა ამ ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო უწყებების მიერ ძალის გადამეტება ან დაგვიანებული და არაეფეტიანი სამედიცინო დახმარება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოცემული საქმის შესწავლის ფარგლებში მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქე თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და საზღვარგარეთ მდებარე კლინიკებთან მოლაპარაკებების, ასევე, პაციენტის გადაყვანის შესაძლო შეფერხების მიზეზების განმარტების თაობაზე, ხოლო  პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დროულობისა და ხარისხის საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას მოცემულ ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მოცემული საქმის მონიტორინგს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სახალხო დამცველს საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოიჩენს კეთილ ნებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა. თავის მხრივ, სახალხო დამცველი უზრუნველყოფს გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით გაცნობილი საქმის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

 

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin